ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები


საქართველომ თავჯდომარეობისათვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა

საქართველოს თავმჯდომარეობის მიზანია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირის წარმოჩენა. თავმჯდომარეობა მიზნად ისახავს აამაღლოს ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე გარემოსდაცვითი პრობლემები და ასევე, თუ როგორ აისახება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პრობლემები გარემოს დაცვაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (ECHR) გარემო ნახსენები არ არის და კონვენციის კონკრეტულ დანიშნულებას არ წარმოადგენს გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) ECHR ზოგიერთი დებულება გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, განმარტა როგორც - ეკოლოგიური ზიანის შედეგებისგან ადამიანების დაცვა. არანაკლებ მართებულია აღინიშნოს, რომ ECHR იცავს იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია გარემოს ეფექტიანად დაცვის უზრუნველსაყოფად. ეკოლოგიური ზიანისგან სამართლებრივი დაცვა მყარად არის დაკავშირებული ისეთ ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და პირადი სივრცის პატივისცემის უფლება.

საქართველოს თავმჯდომარეობას მიაჩნია, რომ ECHR წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს, რომელიც წევრ სახელმწიფოთა ეროვნულმა მთავრობებმა უფრო ფართოდ უნდა გამოიყენონ, როგორც ცალკეული პირების და საზოგადოებების ეკოლოგიური ზიანისგან დაცვის მექანიზმი.

საქართველოს თავმჯდომარეობა, არსებული პროგრამებისა და ხელშეკრულებების (მაგ. ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია, ევროპის ლანდშაფტის კონვენცია და სხვ.) მეშვეობით, მიზნად ისახავს ევროპის საბჭოში გარემოსდაცვითი მუშაობის გაძლიერებას, წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით. ვინაიდან თანამედროვე სამყაროში გარემოს დეგრადაციამ შესაძლოა ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ადამიანის უფლებებზე, მიზანშეწონილი იქნებოდა წევრ სახელმწიფოებში გარემოს დაცვის მიმართულებით ევროპის საბჭოს მუშაობის გაძლიერება. საქართველოს თავმჯდომარეობას სჯერა, რომ წევრ სახელმწიფოებში გარემოს დაცვის უფრო დეტალიზებული სტანდარტების უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ECHR ფარგლებში ადამიანის უფლებათა უკეთეს დაცვას და ასევე ხელს უწყობს  მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

აღნიშნული ინიციატივა უფრო მეტად გაუსვამს ხაზს ევროპის საბჭოს მნიშვნელობას უკვე არსებული და უნიკალური მექანიზმების და კონვენციების გამოყენებით მოქალაქეების კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

2020 წლის 27 თებერვალს, სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, გაიმართება საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებების შესახებ. 2020 წლის 9 აპრილს, სტრასბურგში ასევე გაიმართება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის საკითხებზე - „ადამიანის უფლებები პლანეტისთვის“ (ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში).

2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყნები სულ უფრო ხშირად დგებიან ახალი გამოწვევების წინაშე: მოქალაქეთა სურვილებსა და საჯარო მოხელეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის შეუსაბამობა სულ უფრო იზრდება. პარალელურად, მცირდება ამომრჩეველთა აქტივობა. ხოლო ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. პოპულიზმი და მასობრივი მოძრაობები კი, ადასტურებს მმართველთა მიმართ უკმაყოფილების ტენდენციას.

საქართველოს თავმჯდომარეობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის გაძლიერება, შესაძლოა იქცეს ზემოაღნიშნული ნეგატიური ტენდენციების აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია უნდა ჩანაცვლდეს,  უბრალოდ, ის უნდა შეივსოს უფრო მეტად მონაწილეობრივი დემოკრატიით. არჩევნებს შორის პერიოდებში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების მუდმივი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების თვალსაზრისით და ის საფუძველს უყრის კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოებრივი დიალოგის დაწყებას.

სამოქალაქო ჩართულობა, რომელიც ხორციელდება როგორც უშუალოდ მოქალაქეთა მიერ, ისე მათი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, წარმოადგენს არა მხოლოდ იმ უფლებების პირდაპირ შედეგს, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით  (გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), არამედ ასევე ევროპული სახელმწიფოების საერთო ღირებულებას და მართვის მეთოდს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ყველა სუბიექტის უკეთესი ჩართულობა.

საქართველო წარმოაჩენს და პოპულარიზაციას გაუწევს ევროპის საბჭოს უნიკალურ საქმიანობას, შემდეგი კონკრეტული სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობის უფლების შესახებ (CETS No.207); სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს); მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2018)4 რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მიმართ, ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე სამოქალაქო ჩართულობის კარგი პრაქტიკის განახლებული კოდექსი, რომელიც მიღებულია INGO- ს კონფერენციის მიერ 2019 წლის ოქტომბერში.

საქართველოს თავმჯდომარეობის დროს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე, რომელიც  ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული ჩართულობის სასარგებლო და ნოვატორულ გამოცდილებას გამოავლენს. კონფერენცია გაიმართება სტრასბურგში, 2020 წლის 6 მარტს. კონფერენციის ფარგლებში ასევე აღნიშნება არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღე (28 თებერვალი). 

3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და კეთილდღეობის პრინციპზე დაყრდნობით. ეს ასევე დადასტურებულია საქართველოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში (2014-2020). აღნიშნული სტრატეგია ეყრდნობა „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების“ კონცეფციას, რომელიც წარმოადგენს ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების ამოსავალ ელემენტს. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემებს, ასაკობრივ თავისებურებებს, არის ოპერატიული, კეთილსინდისიერი, ბავშვის საჭიროებებსა და უფლებებზე მორგებული და ფოკუსირებული, და პატივს სცემს ბავშვის უფლებებს, მათ შორის, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს აღდგენითი მართლმსაჯულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კანონდამრღვევი არასრულწლოვნების მიმართ მედიაციას, განრიდებას, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს საქართველოში ადამიანის უფლებათა სივრცეში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ასპექტის განვითარებისა და შემდგომი გაძლიერების პროცესში.

სწორედ ამიტომ, 23 მარტს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის, საქართველო გამართავს მრგვალ მაგიდას - „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“, რომელიც ფოკუსირებული იქნება ორ მიზანზე: პირველი, კონფერენცია პოპულარიზაციას გაუწევს ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ იმ სტანდარტებს, რომლებიც  ორგანიზაციის სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტშია  წარმოდგენილი. ბავშვის უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს სტრატეგიაში (2016-2021) ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წევრ სახელმწიფოებს ექნებათ მხარდაჭერა ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ ევროპის საბჭოს იმ სახელმძღვანელო პრინციპების იმპლემენტაციისას, რომლებიც შეეხება მართლმსაჯულებაზე ბავშვთა წვდომის გაუმჯობესებას, და  სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებში მათ მიმართ მოპყრობასა და მათ მონაწილეობას. მეორე, კონფერენციის ფარგლებში მოხდება ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების პროცესში საქართველოს გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, რომლებიც ასახულია საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში.

ამავე დროს, კონფერენცია შესაძლებლობას მისცემს და წაახალისებს წევრ სახელმწიფოებს, ბავშვის უფლებათა დაცვის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, იმსჯელონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემებთან დაკავშირებით დაგროვილ გამოცდილებაზე, რათა მოხდეს არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მიღებულ იქნეს ბავშვზე ორიენტირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობით

საქართველოს თავმჯდომარეობას სურს ხელი შეუწყოს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას - დემოკრატიის ხელშეწყობა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით, ვინაიდან ისინი მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულნი და ავსებენ  ერთმანეთს.

თავმჯდომარეობა კვლავაც მხარს დაუჭერს იმ ზომებს, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბებას, დემოკრატიის, კულტურის განვითარებას, დემოკრატიული მოქალაქეობის სფეროში განათლების, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას; ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში ახალგაზრდებთან, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის პროცესში  მთავარ პარტნიორებთან, კონტაქტების დამყარების გზით.

სწავლის მსურველებს განათლება აძლევს საშუალებას შეითვისონ ის კომპონენტები (ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარ-ჩვევები, ცოდნა და კრიტიკული აზროვნება), რაც აუცილებელია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და საზოგადოებების ნორმალურ ფუნქციონირებას.

საქართველოს თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს ხარისხიანი და ინკლუზიური, დისკრიმინაციისგან თავისუფალი განათლების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცულ სასწავლო გარემოს, სადაც დაცულია ყველას უფლებები, ECtHR პრეცედენტული სამართლის კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ასევე განსაზღვრულია რეკომენდაციაში (CM/Rec(2010)7) დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ქარტიასთან დაკავშირებით, ასევე რეკომენდაციაში (CM/Rec(2012)13) ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საქართველოს თავმჯდომარეობა გააძლიერებს ევროპის საბჭოს მაკოორდინირებელ ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით, კერძოდ, მდგრადი განვითარების მიზანი 4 - განათლების ხელშეწყობის გზით და კონცენტრირებას მოახდენს დემოკრატიული კულტურისა და ენების შესწავლის კომპეტენციებზე.

აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს განათლების პოლიტიკის საკითხებზე მრჩეველთა ქსელის (EPAN) მუშაობას. ასევე წაახალისებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს (RFCDC) ინტეგრაციას კულტურის შესახებ ევროპული კონვენციის მხარე-სახელმწიფოთა განათლების სისტემებში.  ეს მოხდება „დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ“ ევროპის საბჭოს ქარტიის განხორციელების პარალელურად, რომლის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს მოცემულ სფეროში განათლების ხარისხის შემდგომი გაძლიერება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 7 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ჩატარდება განათლების პოლიტიკის საკითხებზე მრჩეველთა ქსელის (EPAN) შეხვედრა: „განათლება დემოკრატიისთვის: განათლების მეშვეობით ევროპაში დემოკრატიის პრაქტიკის განვითარება“.

თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს მიმდინარე ერთობლივი ინიციატივების (ევროპის რეგიონში საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი (ENIC) - ევროკავშირის აკადემიური აღიარების ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ქსელი (NARIC) ფუნქციონირებასა და უმაღლესი განათლების სფეროში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროგრამებს. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ლისაბონის აღიარების კონვენციის განხორციელებას, სადაც ევროპის საბჭო პარტნიორი ორგანიზაციაა. ამ აქტივობების მიზანს, პირველ რიგში, წარმოადგენს  უმაღლესი განათლებისა და საკვალიფიკაციო სტანდარტების განვითარება ევროპის საბჭოს იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. ასევე ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშეწყობა, რომლის მიზანია გაზარდოს განათლების სისტემებს შორის თავსებადობა. მეორე რიგში, აქტივობების მიზანია, უმაღლესი განათლების დემოკრატიული მისიის გაძლიერება, უმაღლესი განათლების სფეროში ერთიანობის განმტკიცება და კორუფციასთან ბრძოლა, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით.
საქართველოს თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს ძალისხმევას ხელი შეუწყოს კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობასა და კულტურის დემოკრატიზაციას და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა კულტურის პოლიტიკის რაციონალიზაცია. თავმჯდომარეობა აღიარებს კულტურის მნიშვნელობას და დემოკრატიის გაძლიერებასთან მის უშუალო კავშირს, და სწამს, რომ კულტურას მართლაც გააჩნია ტრანსფორმაციული ძალა, რომელსაც შესწევს სოციალური ცვლილებების გამოწვევა და სოციალური ერთიანობის გაძლიერება.
აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროში არსებული პროგრამებისა და მექანიზმების განხორციელებას, კულტურული მარშრუტების, ფაროს კონვენციისა და ინტერკულტურული ქალაქების პროგრამების სტრატეგია 21-ის ჩათვლით. თავმჯდომარეობა კვლავ განაგრძობს ევროპული მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერის გზით.

საქართველოს თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სექტორსა და მის ურთიერთდამოკიდებულ და თანმიმდევრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პროგრამამ „ახალგაზრდობა დემოკრატიისთვის“ მაქსიმალური ზემოქმედება მოახდინოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა იდეებით განმსჭვალული ახალგაზრდა ევროპელების ჩამოყალიბებაზე. კერძოდ, თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდული შრომის ხარისხის განვითარებას, ვინაიდან ის მნიშვნელოვნად ეხმარება ახალგაზრდებს სრულად მოახდინონ თავიანთი, როგორც საზოგადოების დამოუკიდებელი წევრების, პოტენციალის რეალიზაცია. ახალგაზრდების შრომა ხელს უწყობს აქტიური მოქალაქეობის განვითარებაში. ზემოაღნიშნული ასევე იძლევა შესაძლებლობას მიიღო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები სამოქალაქო ჩართულობასთან და სოციალურ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული, წევრი სახელმწიფოებისთვის განსაზღვრულია მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში (CM/Rec(2017)4) ახალგაზრდული შრომის შესახებ.

„არა სიძულვილის ენას“ ახალგაზრდული მოძრაობის კამპანიის შესახებ მინისტრთა კომიტეტის დეკლარაციის შესაბამისად, საქართველოს თავმჯდომარეობა განაგრძობს იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც უკვე გაწეულ იქნა ამგვარი მიუღებელი ქცევის უკან არსებული სტერეოტიპებისა და შიშების აღმოსაფხვრელად, და ასევე თავმჯდომარეობა განაგრძობს ახალგაზრდების მობილიზაციას, რათა მათ ონლაინ რეჟიმში ისაუბრონ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის შესახებ.

იმისათვის, რომ მოხდებს დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდების შრომისა და ჩართულობის და მეშვეობით, საქართველოს თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის უფრო გრძელვადიანი პრიორიტეტებისა და აქტივობების განსაზღვრას, ორგანიზაციის ახალი ათწლიანი სტრატეგიის კონტექსტში.