თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის - მინისტრთა კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, კონგრესი, ადამიანის უფლებათა კომისარი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო


მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტი არის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი ორგანო.

მინისტრთა დონეზე მინისტრთა კომიტეტის წევრია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო მინისტრთა მოადგილეების დონეზე  - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

მინისტრთა კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ მინისტერიალზე, ხოლო მინისტრთა მოადგილეების შეხვედრები იმართება ყოველკვირეულად, ოთხშაბათობით.

მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გარდამავალია და ყოველი 6 თვის შემდეგ იცვლება წევრი ქვეყნების ინგლისური ანბანის თანმიმდევრობით.

საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისგან შედგება. საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი

ევროპის საბჭო ყოველთვის აღიარებდა ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე დემოკრატიის არსებით როლს. სწორედ ამიტომ უწყობს იგი ხელს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, აკმაყოფილებს მოქალაქეთა მოთხოვნებს მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად.

კონგრესი აერთიანებს 324 მუდმივ და 324 შემცვლელ წევრს და შედგება ორი პალატისაგან: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პალატისა და რეგიონების პალატისაგან,  რომლებიც წარმოადგენენ დაახლოებით 200 000 ევროპულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონს. ამგვარად, კონგრესი წარმოადგენს დიალოგისთვის იდეალურ ფორუმს, სადაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები განიხილავენ საერთო პრობლემებს, ადარებენ თავიანთ გამოცდილებას, კომენტარებსა და თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენენ ეროვნულ მთავრობებს.

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის განვითარების მიზნით, დაარსების დღიდან კონგრესმა შეიმუშავა რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, რომელიც იქცა საერთაშორისო ოფიციალურ ხელშეკრულებად ამ სფეროში.

კონგრესი თვალყურს ადევნებს ევროპაში ადგილობრივ დემოკრატიას წევრ სახელმწიფოებში არსებულ სიტუაციაზე "მონიტორინგის მოხსენებათა” გამოცემით. ამგვარად, იგი აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებისა და ადგილობრივი დემოკრატიის მთავარი პრინციპების ეფექტურ განხორციელებას.

იგი ასევე ხელმძღვანელობს ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნების მონიტორინგს და ადგენს ევროპულ სტანდარტებს საარჩევნო საკითხებში.

იგი რჩევებს აძლევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის ყველა ასპექტთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაციას ევროპის საბჭოს კონგრესში ხელმძღვანელობს, თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ბ-ნი კახა კალაძე.

საქართველო კონგრესზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისგან.

თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილ ან საქართველოს წინააღმდეგ არსებულ საჩივრებზე სახელმწიფოს ინტერესებს იცავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მეშვეობით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობასა და კოორდინაციას უწევს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებას. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის მიზნით დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა ბოლო წლების განმავლობაში:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით 2012 წლიდან ამოქმედდა სტრატეგია “მოვაგვაროთ ადამიანის უფლებები ქვეყნის შიგნით“, რაც ითვალისწინებს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მორიგების პროცედურის აქტიურ გამოყენებას. ეს, ერთი მხრივ, ეხმარება ევროპულ სასამართლოს ქართული საჩივრებისგან განტვირთვაში და, მეორე მხრივ, მომჩივნებს ეძლევათ შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით მიაღწიონ დარღვეული უფლებების დროულ აღდგენას. 2012 წლიდან დღემდე 128 საქმე, რომლებიც 2013 წლამდე მომხდარ დარღვევებს ეხებოდა, დასრულდა მორიგებითა და მთავრობის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევის აღიარებით.

ამასთანავე, საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხს, რაც სხვადასხვა ღონისძიებებს შორის გულისხმობს კომპლექსური ტიპის ზოგადი ღონისძიებების გატარებას.  შესაბამისად, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა  შემცირდა და სასამართლოში არ ხდება დიდი რაოდენობით განმეორებითი საჩივრების საქართველოდან გაგზავნა.

კერძოდ, საქართველოში განხორციელებული არაერთი რეფორმის შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებს ეროვნული ორგანოების მიმართ აუმაღლდათ ნდობა. ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მიმართ 2011 წელს წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს - 367, ხოლო 2018 წელს სულ 99 საჩივარი. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალიწინებით, ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოს შორის საქართველო იკავებს მე-12 ადგილს საქართველოს წინააღმდეგ წლიურად წარდგენილი საჩივრების სიმცირით (2018 წლის მდგომარეობით).

ამასთან, 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტრასბურგის სასამართლოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულენოვანი საძიებო სისტემა (HUDOC), რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქართული საქმეების, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებათა გავრცელებასა და პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და ის თავის პრეცედენტს ეყრდნობა საქმეთა განხილვისას.

ადამიანის უფლებათა კომისარი

ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამჟამად დუნია მიატოვიჩია, რომელიც არჩეულ იქნა 2018 წელს.

ადამიანის უფლებათა კომისრის ბოლო ვიზიტი საქართველოში შედგა 2015 წელს. ვიზიტის ფარგლებში იმჟამინდელმა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი სოფ. ოძისთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“

2014 წლიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში.

გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც  საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ  რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

გადაწყვეტილებებში ევროპის საბჭოს წევრი სახელწიფოები ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით და ყურადღება გამახვილებულია ამ თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ არალეგალურ ქმედებებს, რომელიც საქართველოს ორი რეგიონის სტატუსის შეცვლისკენ არის მიმართული არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ძალა.

2019 წლის 2 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი მეექვსე გადაწყვეტილება.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში კონფლიქტი საქართველოში

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2010 წლის 24-26 მარტს 1080-ე შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით წელიწადში ორჯერ მზადდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1) ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კონფლიქტის ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებების კუთხით; 2) კონფლიქტში არსებული მხარეების მიერ ვალდებულებების შესრულება; 3) ევროპის საბჭოს ორგანოებისა და ინსტიტუტების მიერ ჩატარებული ღონისძიებები კონფლიქტის ზონაში,  ნდობის აღდგენის პროექტები (CBM).

გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის  „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა მოხდა 2019 წლის 24 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე.

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2016-2019

საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა დამტკიცდა  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. მისი მიზანია  გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

2016-2019 წწ სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის შედეგებსა და მიღწევებს, რომელთა შორისაა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესება; პროფესიონალი იურისტების მხრიდან ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების გამოყენების მყარი  ცოდნა; საარჩევნო დავების მოგვარების გაუმჯობესებული უნარი; პატიმრებისათვის გაუმჯობესებული ჯანდაცვის პირობები; არასათანადო მოპყრობის გამოძიების გაუმჯობესებული შესაძლებლობები; სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს შორის განმტკიცებული კონტაქტები ნდობის აღდგენის მიმართულებით.

სამოქმედო გეგმის შესრულება ერთობლივად შეფასდება ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ და რეგულარული ანგარიშები წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს.

სამოქმედო გეგმის ჩართულობის სფეროები

1. ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა, სოციალური უფლებების უზრუნველყოფა:

  • ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;
  • დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება და უმცირესობათა უფლებების დაცვა;
  • მედიის თავისუფლების ხელშეწყობა;
  • მონაცემთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება;
  • დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაში სკოლების როლის გაზრდა.

2. მართლმსაჯულების უზრუნველყოფა:

  • მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობისკენ მიმართული რეფორმების  მხარდაჭერა;
  • სამართლებრივი ტრენინგების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება;
  • არასათანადო მოპყრობასა და დაუსჯელობასთან ბრძოლა;
  • პოლიციის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შემდგომი გაუმჯობესება;
  • პენიტენციური რეფორმის ფარგლებში სარეაბილიტაციო მიდგომის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება.

3. დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება:

  • საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა,  ხარისხის და არჩევნების მონიტორინგის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდა; ეთნიკური უმცირესობებისა და არჩევნებში პირველად მონაწილე პირების ჩართულობის გაზრდა; მედიის კვალიფიკაციის ამაღლება არჩევნების პროფესიონალურად გაშუქებისას;
  • რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმების მხარდაჭერა.

4. სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლა: კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული, მანიპულაციები სპორტულ შეჯიბრებებში:

  • სისხლის სამართლის ინსტიტუტების კვალიფიკაციის ამაღლება კორუფციასთან, კიბერდანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მიმართულებით.

5. ნდობის აღდგენის ღონისძიებები:

  • არასახელმწიფო აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და პროფესიონალებს შორის დიალოგის განვითარება და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების გავრცელება.

ტექნიკური დახმარების პროგრამის ჩამოყალიბებისა და მიწოდების ოპტიმიზაციის მიზნით, ევროპის საბჭო თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ეროვნულ ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებაში წამყვანი პარტნიორია ევროკავშირი. სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით ევროპის საბჭო იღებს ნებაყოფლობით შემოწირულობებს წევრი, დამკვირვებელი და არა-წევრი სახელმწიფოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ფონდებისგან, კერძო სექტორისგან და ინდივიდებისგან, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

სამოქმედო გეგმის სრული ბიუჯეტი: € 25 377 269

2019 წლიდან ევროპის საბჭოს და ქართული მხარის მჭიდრო კონსულტაციებით მიმდინარეობს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა 2020-2023 წლებისთვის, რომელიც წინა სამოქმედო გეგმის შედეგებზე დაყრდნობით, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროგრამულ თანამშრომლობას ხელი მოეწერა 2014 წელს. ამ გზით ევროპის საბჭო და ევროკავშირი შეთანხმდნენ მიზნობრივი თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელებაზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. პროგრამის პირველი ფაზა განხორციელდა 2015-2018 წწ., ხოლო მეორე ფაზა გაწერილია 2019-2021 წლებზე.

„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროექტების 90%-ს აფინანსებს ევროკავშირი, 10%-ს - ევროპის საბჭო. პროექტებს ახორციელებს ევროპის საბჭო.

პირველი ფაზის ფარგლებში საქართველოში განხორციელდა რვა პროექტი შემდეგი მიმართულებით: საქართველოში ადამიანის უფლებათა კონვენციის გამოყენების სრულყოფა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობა; ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და მრავალმხრივი დიალოგის მექანიზმების საფუძველზე; ადამიანის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში; არჩევნებში ჩართული მხარეების მხარდაჭერა საქართველოში;  საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია. პირველი ფაზის ფარგლებში, საქართველო ასევე ჩართული იყო 14 რეგიონულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ერთად.

მეორე ფაზა 2019-2021 წლებისთვის ითვალისწინებს ორი პროექტის განხორციელებას საქართველოში: კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა. მეორე ფაზაში, საქართველოში მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი შეადგენს 2,2 მილიონ ევროს.

ამასთანავე, საქართველო ჩართულია ოთხ რეგიონულ ინიციატივაში, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის, ადვოკატის პროფესიის გაძლიერების, დისკრიმინაციასთან ბრძოლის და ქალთა მიერ მართლმსაჯულებაზე წვდომის მიმართულებით.