საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ოფიციალური მიმართვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით


ქალბატონებო და ბატონებო,

პატივცემულო მეგობრებო!

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და  ერთგვარი გამოწვევაც, ვინაიდან საქართველო პირველად არის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანაში დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების რთული პროცესი. ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, თუმცა დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო არა მხოლოდ უძველესი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაა, არამედ  წარმატებული და თანამედროვე სახელმწიფოა, რომელიც დამსახურებულ ადგილს იკავებს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ქართველი ხალხი ისტორიულად განსაკუთრებულ პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს, როგორც ფუნდამენტს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე დამყარებული საზოგადოებისთვის. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს საზოგადოებრივი მოღვაწეები საუბრობდნენ არა ევროპისკენ სვლაზე, არამედ საქართველოს დაბრუნებაზე ევროპულ ცივილიზაციაში. არსებული გამოწვევების პირობებში, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული პროგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ზუსტად ორი ათწლეულის წინ გახდა. ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენდა ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული ფასეულობებისა და ცივილიზაციისკენ და ამავდროულად, სირთულეების წინაშე მდგარი ქვეყნის მზაობას გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული აღმშენებლობის მიმართულებით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და ევროპის საბჭოს 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ჩართულობით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და განხორციელდა მრავალი პროექტი. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მუშაობაში და ამავდროულად თავად ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოს წინაშე მდგარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ.  

70 წლის წინ, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უპირობო დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციის შექმნა, დიდი მიღწევა იყო ურთიერთდაპირისპირებით დაღლილი ევროპისათვის. არსებული სამართლებრივი ვაკუუმი შეივსო თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ქმედითი ინსტრუმენტით. ორგანიზაციის მიერ შექმნილი უნიკალური სისტემა მალე იქცა საერთო ევროპულ მონაპოვრად.

ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დაცვასთან ერთად, ორგანიზაციის შექმნის მიზანი იყო ევროპული კულტურული თვითმყოფადობისა და მრავალფეროვნების განვითარების ხელშეწყობა. საგანგებოდ შექმნილი სტრუქტურის მეშვეობით, ორგანიზაცია ეძებს ისეთი პრობლემატური საკითხების ერთობლივი გადაწყვეტის გზებს, როგორიცაა - უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, ტრეფიკინგი, კორუფცია, ძალადობა ქალების და ბავშვების წინააღმდეგ და სხვა. აქვე, მსურს საგანგებოდ აღვნიშნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელობა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაფუძნებული ეს უნიკალური ორგანო ასეულობით მილიონ ადამიანს აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა მართლმსაჯულებაზე და სამართლის უზენაესობაზე.

პატივცემულო მეგობრებო,

საქართველოს თავმჯდომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპის საბჭოს ფუძემდებლური პრინციპების განმტკიცებაში. საქართველოს მიზანია იყოს ორგანიზაციის მიერ შექმნილი ღირებულებათა სისტემის როგორც მოსარგებლე, ასევე მისი ღირსეული კონტრიბუტორი და დამცველი. ვფიქრობ, დღეს ევროპის საბჭოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ეს როგორც არასდროს ისე არის აქტუალური.

ორგანიზაციის ამჟამინდელი კომპლექსური დღის წესრიგი საქართველოსთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოს ხდის თავმჯდომარეობის პერიოდს. ევროპის საბჭოსთვის ამ განმსაზღვრელ დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია იმ საერთო ღირებულებების ირგვლივ, რამაც 70 წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ორგანიზაციას და დღეს მის ურყევ ფუნდამენტს უნდა წარმოადგენდეს.

როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე პრიორიტეტზე - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; ; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

აღნიშნულ თემებზე ფოკუსირების მიზანია, კიდევ ერთხელ მივაპყროთ ევროპის საბჭოს ყურადღება ამ მიმართულებებით არსებულ ხარვეზებზე და მეორეს მხრივ, მოვახდინოთ მიღწეული პროგრესის ურთიერთგაზიარება და კონსოლიდაცია.

საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მზად არის მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

მადლობა!